მეუ-ს„კანონიკურობის“ საკითხები მისივე „იერარქის“ სიტყვებით:მიხაილ ზინკევიჩი

21 დეკემბერი 2020 19:49
84
მიხაილ ზინკევიჩი სვამს კითხვებს,რომლებზეც მეუ-ში პასუხი არ აქვთ. ფოტო: მჟკ მიხაილ ზინკევიჩი სვამს კითხვებს,რომლებზეც მეუ-ში პასუხი არ აქვთ. ფოტო: მჟკ

მიხაილ ზინკევიჩი აცხადებს,რომ ეპიფანე და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები სირაქლემას ტაქტიკას მიმართავენ და სვამს კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ არსებობს.

ე.წ. „გამაერთიანებელი კრებიდან,“ რომელზეც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შეიქმნა, ორი წელი გავიდა და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა „იერარქმა“ მიხაილ ზინკევიჩმა სააგენტო „გლავკომს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ერთის მხრივ, საკმაოდ უხერხულ კითხვებს სვამდა, ხოლო მეორეს მხრივ აღიარა, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ინტერვიუს სწორედ ასე ჰქვია: „უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ბევრ კითხვაზე პასუხი არ აქვს: თავი ყველას ქვიშაში აქვს ჩარგული.“ შევისწავლოთ მიხაილ ზინკევიჩის გულახდილობა და დასკვნები გავაკეთოთ.

მეუ-ს„კანონიკურობის“ საკითხები მისივე „იერარქის“ სიტყვებით:მიხაილ ზინკევიჩი фото 1
მიხაილ ზინკევიჩი. ფოტო: "Волинські новини"

პირველ რიგში, ვინ არის მიხაილ ზინკევიჩი. ბევრი მას იცნობს ოდიოზური გამოთქმის გამო, თითქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრებში შეძენილი თითოეული სანთელი არის ტყვია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დონბასში. ეს გამონათქვამი პირველ რიგში იმიტომ არის ოდიოზური, რომ ტყუილია. მეორეც იმიტომ, რომ თავად ეპიფანე იყენებს „ღვთისმსახურების“ დროს რუსული საწარმოს, „სოფრინოს,“ პროდუქციას. მესამეც, როგორ უნდა შევაფასოთ ასეთ შემთხვევაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი სპონსორის, ანდრეი მაცოლას, ბრენდ „პერშა პრივატნა ბროვანიას“ საქმიანობა, რომელიც მედიის ცნობით, ყოველ წელს ახორციელებს 70 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას რუსულ ეკონომიკაში, იხდის გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში და ა.შ.

საერთო ჯამში, მიხაილ ზინკევიჩის ასეთი გამონათქვამი უკვე გვაძლებს საკმარის წარმოდგენას მის პიროვნებაზე. მაგრამ აი, კიდევ რამდენიმე შტრიხი პორტრეტისთვის. მუშაობდა პოჩაევის ლავრაში, იყო მნათე ღვთისმშობლის შობი ტაძარში ჩერკასიში, სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. მერე კი - კარიერა განხეთქილების დროს (უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, კიევის საპატრიარქო): 1997 წ. – „დიაკვანი,“ 2000 წ. – „ეპისკოპოსი,“ 2018 წ. - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. მაშინ ფილარეტ დონისენკომ და პიოტრ პოროშენკომ დაარწმუნეს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა. „გლავკომთან“ ინტერვიუში ზინკევიჩმა უყურადღებოდ არც ეს მომენტი დატოვა.

კორესპონდენტის კითხვაზე: „2018 წელის გამაერთიანებელ კრებაზე მომხდარი მოვლენები თქვენთვის მარცხია?“ – „მარცხია, როცა აგებ. მაგრამ როცა გაშანტაჟებენ - ეს მარცხი არ არის.“ ანუ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არშემდგარმა მეთაურმა აღიარა, რომ კანდიდატურის მოხსნა შანტაჟით აიძულეს და რადგან აშანტაჟებენ, ეს ნიშნავს, რომ კომპრომატებიც არსებობს. მაგრამ ის, რომ ზინკევიჩის (ისევე, როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა წევრების) წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს, აღმოჩენა არ არის. ეს ყველასთვის ცნობილია. მაგრამ მომდევნო თეზისები მართლაც საინტერესო განცხადებებია ადამიანისგან, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სამზარეულოს შიგნიდან იცნობს.

აღიარება 1: ტომოსი მართლაც ტომარაში ჩასმულ კატას გავდა, რომელმაც ამოძრომის შემდეგ ბევრს იმედი გაუცრუა

მიხაილ ზინკევიჩი ამის შესახებ ასე ამბობს: „როცა ტომოსის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ჩვენ მას ხმას ვუწოდებდით, რადგან მისი შინაარსი არ გვნახავს - არ ვიცოდით ტექსტში რა ეწერა. <...> მაგრამ როცა ტომოსის ტექსტი გამოჩნდა, მან ყველა ვერ დაკმაყოფილა. პატრიარქმა ფილარეტმა პრეტენზიები გამოთქვა: ჩვენ ამ ტომოსში იმის ნახვას არ ველოდით, რაც წერია, იმ ეკლესიის სახელით დაწყებული, სადაც მირონს ვხარშავთ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია უკრაინის ფარგლებს გარეთ მდებარე მრევლების საკითხი. დოკუმენტის თანახმად, ისინი უკრაინას არ ეკუთვნიან.“

ამ სიტყვებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „მიტროპოლიტი,“ ფაქტობრივად, იმას ადასტურებს, რასაც ბევრი საეკლესიო მიმომხილველი და ანალიტიკოსი ამბობდა: ფენერის ურთიერთობა უკრაინელ სქიზმატიკოსებთან - არის თამაში „პირველად ვინ ვის მოატყუებს.“ ამ თამაშის ანგარიში ჯერ-ჯერობით ფრეა: ფენერი უკრაინას სრულფასოვან ავტოკეფალიას დაპირდა, მაგრამ სინამდვილეში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მასზე დამოკიდებულ სტრუქტურად აქცია. უკრაინამ, თავის მხრივ, ფენერს ავტოკეფალიის სანაცვლოდ უძველესი მონასტრებისა და ტაძრების სტავროპიგიის ფორმით გადაცემას დაპირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ კიევის ანდრიას ეკლესია გადასცა.

რაც შეეხება უკრაინული კონფესიების საზღვარგარეთულ მრევლებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მიხაილ ზინკევიჩმა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ კონცეფციის შესახებ, რომელსაც ფენერი უკვე ასზე მეტი წელია ავითარებს. კონკრეტულად კი: მთელი დიასპორა მთელ მსოფლიოში უნდა ემორჩილებოდეს ფენერს. ანუ, უცხოური მრევლების შენარჩუნების არავითარი შანსი არ არსებობდა.

აღიარება 2: ფილარეტს, ეპიფანესა და ო. პოროშენკოს შორის კულუარული მოლაპარაკებები მართლაც არსებობდა

მიხაილ ზინკევიჩი: „რა თქმა უნდა, ეს არის პირადი მოლაპარაკებები პატრიარქს (ფილარეტს - რედ.) და იმ გარემოცვას შორის, რომელიც მაშინ არსებობდა კიევის საპატრიარქოში. ამ საკითხებზე ვმსჯელობდით: ვინ რას გააკეთებს, ვის რა უფლებამოსილება ექნება. არსებობდა, გარკვეული შეთანხმებები. როცა ეს შეთანხმებები არ შესრულდა, ეს კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ტომოსის ტექსტთან ერთად. <...> გავიგე, რომ საპატიო პატრიარქი ფილარეტი პოროშენკოს ადანაშაულებს, თითქოს ამ უკანასკნელმა ის მოატყუა. ანუ, მათ შორის რაღაც შეთანხმება არსებობდა...“

კულუარული მოლაპარაკებების არსებობის დადასტურება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია თავიდანვე ეკლესიის მართვის მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციების მიხედვით კი არ შენდებოდა, არამედ ორგანიზაციის დამფუძნებელი მამების პირადი შეთანხმებების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული პირადი სარგებლის მიღებას ცდილობდა.

მიხაილ ზინკევიჩის სიტყვები იმ პრეტენზიების საფუძვლიანობასაც ადასტურებს, რომლებიც ფილარეტ დენისენკომ თავის ყოფილ პროტეჟეს, ს. დუმენკოს და ყოფილ პრეზიდენტს, პ. პოროშენკოს, წაუყენა. საერთოდ, მ. ზინკევიჩის მიერ „გლავკომისთვის“ მიცემული მთელი ინტერვიუ გაჟღენთილია სიმპათიით ფილარეტ დენისენკოსა და მისი დღევანდელი პოზიციის მიმართ და ამ სიმპათიებში მიხაილ ზინკევიჩი მარტო სულაც არ არის.

აღიარება 3: უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ფილარეტის მიმართ სიმპათიით განწყობილ „იერარქთა“ რაოდენობა იზრდება

მიხაილ ზინკევიჩი: „... ბევრი ეპისკოპოსია თუ არა სიმპათიით განწყობილი (საპატიო პატრიარქ ფილარეტის მიმართ)? დღეს სიმპათია სულ უფრო მეტად მჟღავნდება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს, ზრდის ტენდენცია. მიტროპოლიტებს შორის არსებობს ტენდენცია, რომ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც საპატიო პატრიარქი ფილარეტი ამბობს.“

მოდით, გავიხსენოთ - ახლა რას ამბობს ფილარეტი? მისი მთავარი გზავნილი გახლავთ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია არ არსის ავტოკეფალური სტრუქტურა, რომ ის ფენერს ემორჩილება. მ. ზინკევიჩი ირიბად ეთანხმება ამ მტკიცებას: პატრიარქი (ფილარეტი - რედ.) ამბობს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინეპოლის ეკლესიაა. მაგრამ თუ დამოუკიდებელი ეკლესია ვართ, მაშინ მირონს რატომ არ ვხარშავთ? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.“

აქ მნიშვნელოვანი იმდენად კითხვის არსი კი არ არის, ანუ ვინ სად ხარშავს მირონს, არამედ ის, რომ მ. ზინკევიჩის ეს არგუმენტი ფილარეტის პოზიციის დასაცავად მოყავს. „მიტროპოლიტმა“ ხომ იცის (უნდა იცოდეს), რომ მაგალითად, ელადის, ალბანეთისა და იერუსალიმის ეკლესიებშიც კი, მირონს არ ხარშავენ და მას კონსტანტინოპოლიდან იღებენ. ეს მათ ხელს არ უშლით, რომ ადგილობრივი ეკლესიების სტატუსი ქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, იერუსალიმის საპატრიარქო ეს სრულფასოვანი ავტოკეფალური ეკლესიაა, თუმცა, საკუთარი თავისებურებებით. მ. ზინკევიჩი რომ ფილარეტის შეხედულებას არ იზიარებს, ის მარტივად უკუაგდებდა საკუთარ არგუმენტს მირონის ხარშვის შესახებ.

მირონის ხარშვის შესახებ ამ პასაჟში კიდევ ერთი საინტერესო მომენტია. საქმე ისაა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიიჩნევს - მირონის ხარშვა ავტოკეფალური ეკლესი აუცილებელი ატრიბუტი არ არის. რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი, სხვა აზრის არიან: ავტოკეფალიის სტატუსთან ერთად ეკლესიამ მირონის ხარშვის უფლებაც უნდა მიიღოს. შესაბამისად, აქტებში პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების მართლმადიდებლური ეკლესიის, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რომლებმაც ავტოკეფალია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან მიიღეს, მითითებულია, რომ ამ ეკლესიების მირონის ხარშვის უფლება აქვთ. როგორც ვხედავთ, მ. ზინკევიჩის შეხედულება ამ საკითხისადმი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიდგომას ემთხვევა. არადა, ეს ღალატია.

ახლა მოდით, დავფიქრდეთ, რას მოიტანს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმ „ეპისკოპოსთა“ რაოდენობის ზრდა, რომლებიც:

ა. იმედგაცრუებული არიან ტომოსის შინაარსით;

ბ. უკმაყოფილო არიან კულუარული შეთანხმებების შეუსრულებლობით;

გ. ფილარეტის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი.

ამან, შეიძლება, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე კონფლიქტის ფარულიდან ღია ფაზაში გადასვლა გამოიწვიოს. ეპიფანე დუმენკო ის ადამიანი არ არის, ვისაც თავის სტრუქტურაში კონფლიქტის დარეგულირება შეუძლია. თავისი თანამდებობით ის მთლიანად ფილარეტ დენისენკოსგან არის დავალებული, რომელიც, ხელმძღვანელის სავარძელში ეპიფანეს ჩასასმელად პ. პოროშენკოს წინააღმდეგ წავიდა. პოროშენკოს სურდა უკრაინის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მისი რჩეული, ვინიციის ყოფილი მიტროპოლიტი სიმეონი (შოსტაცკი) ყოფილიყო. წინააღმდეგი იყო მიხაილ ზინკევიჩიც, რომელსაც ეს პოსტი თვისთვის სურდა.

გულწრფელად ვიტყვი: დუმენკო ფილარეტის გარეშე, პრაქტიკულად, არაფერს წარმოადგენს. არც გამოცდილებით, არც განათლებით, არც პოლიტიკური ყნოსვით. ეპიფანე თავის ერთადერთ მფარველს ეჩხუბა, ახალი მფარველები კი, ვერ შეიძინა. პასუხი კითხვაზე: რატომ რჩება ეპიფანე დღემდე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელად, რთული არ არის. მისი შეცვლის მსურველი ბევრია, მაგრამ ყველა მათგანი თავდაპირველი გადაწყვეტილების ტყვეობაში აღმოჩნდა. ეპიფანეს ახლა წასვლა, საკუთარი ინიციატივით ან იძულებითი, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პროექტის წარუმატებლობის აღიარების ტოლფასი იქნება. ამისთვის კი, ჯერ არავინაა მზად. მაგრამ როგორც კი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კურატორები აღიარებენ, რომ ეპიფანეს პროექტის ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი, მისი თანამდებობაზე დარჩენის შანსი ნულს გაუტოლდება. მაშინ ამ ორგანიზაციის მეთაურის სავარძლისთვის ბრძოლის შანსი მიხაილ ზინკევიჩსაც გაუჩნდება და სიმეონსაც (შოსტაცკის).

კითხვები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „კანონიკურობის“ შესახებ, რომლებზეც ორგანიზაციას პასუხები არ აქვს

ახლა კი, კითხვების შესახებ, რომლებიც მიხაილ ზინკევიჩმა დასვა და რომელზეც პასუხის გაცემა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პასუხი არავის სურს, თავად ზინკევიჩის ჩათვლით. ასეთი კითხვა სამია:

  1. რატომ წაართვეს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლები დიასპორაში?
  2. რატომ არ შეუძლია უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მირონის ხარშვა?
  3. რა უნდა უქნან იმ მირონს, რომელიც უკვე მოხარშეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოში და, რაც მთავარია, - საერთოდ რაც უნდა მივიჩინოთ ის?

პირველ ორ კითხვაზე პასუხი ერთია: იმიტომ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ავტოკეფალური ეკლესია (საერთოდ რამდენად მისაღებია ასეთი ფორმულირება მადლმოკლებულ სქიზმატიკოს საზოგადოებასთან მიმართებაში) და ფენერს ექვემდებარება. რაც შეეხება მესამე კითხვას, ის უფრო საგნობრივ განხილვას იმსახურებს.

მიხაილ ზინკევიჩმა ის ასე ჩამოაყალიბა: „და მესამე - რა უნდა ვუქნათ იმ მირონს, რომელიც უკვე მოვხარშეთ და ჯერ კიდევ პატრიარქ ფილარეტისგან წამოვიღეთ? უნდა გამოვიყენოთ თუ რა უნდა ვუქნათ? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სიწმინდეა? სად უნდა წავიღოთ? რად უნდა მივიჩნიოთ ის? ნამდვილ მირონად, რომელსაც ნათლობისა და ტახტის კურთხევის დროს ვაცხებთ, თუ ეს უკვე აღარ არის მირონი? როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს?“

რა უნდა ვუქნათ იმ მირონს, რომელიც უკვე მოვხარშეთ და ჯერ კიდევ პატრიარქ ფილარეტისგან წამოვიღეთ? უნდა გამოვიყენოთ თუ რა უნდა ვუქნათ?

                                                                                              მიხეილ ზინკევიჩი, მეუ-ს  ,,იერარქი''

სინამდვილეში, ეს არის კითხვა, რომელიც თავად მიხაილ ზინკევიჩსაც ამხელს და საერთოდ, ყველა სქიზმასტიკოსს. მირონი განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომელიც ზეითუნის და სხვა ზეთებისა და სანელებლებისგან შედგება. ის განსაკუთრებული მეთოდით იხარშება, რის შემდეგად ეპისკოპოსები აკურთხებენ შესაბამისი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის მეთაურობით. მირონის წასმა მირონცხების საიდუმლოს აღსრულების დროს ახალშობილს სულიწმინდას აზიარებს, რაც ადრეულ წლებში მოციქულთა ხელის შეხებით ასრულდებოდა.

“მაგრამ გაფრთხილდი! ნუ იფიქრებ, რომ ეს უბრალო მირონია. რამეთუ როგორც ევქარისტიის პური, სულიწმინდის მოწვევის შემდეგ, არ არის ლიტონი პური, არამედ ხორცი ქრისტესი, ასევე ეს წმინდა მირონიც არ არის უბრალო, არც, როგორც ზოგიერთმა თქვა, ჩვეულებრივი, შემდგომად სულიწმინდის მოწვევისა, არამედ მადლი ქრისტესი და სულიწმინდის გარდამოსვლისა, ხდება რა ქმედითი მისი ღმრთეებით. შენ სიმბოლურად იცხე შუბლსა და სხვა გრძნობის ორგანოებზე. ხილული მირონი სხეულს ეცხება, წმინდა და ცხოველმყოფელი სული კი სულს განწმენდს (წმინდა კირილე იერუსალიმელი).

შესაბამისად, სამყაროსთვის ამ „მადლის ქრისტესი და სულიწმინდის გარდამოსვლის“ გადაცმის უფლება მხოლოდ კანონიკურ მადლმოსილ ეპისკოპოსებს აქვთ. ამგვარად, ზინკევიჩის კითხვა - ნამდვილია თუ არა მირონი, რომელიც კიევის საპატრიარქოში მოიხარშა, გადაიქცევა კითხვად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა მადლმოსილების შესახებ. პატრიარქ ბართლომეს თვალსაზრისით, ეს მირონი, სინამდვილეში მირონი არ არის, რადგან „ე.წ. კიევის საპატრიარქო არ არსებობს და არც არასდროს უარსებია.“ (2019 წლის ივნისის განცხადებიდან). და რადგან ტომოსის ტექსტის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ვალდებულია, „საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური“ ხასიათის საეჭვო საკითხებში ფენერის მოსაზრებას ემხრობოდეს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიაც ასე უნდა ფიქრობდეს.

ზინკევიჩის კითხვა - ნამდვილია თუ არა მირონი, რომელიც კიევის საპატრიარქოში მოიხარშა, გადაიქცევა კითხვად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა მადლმოსილების შესახებ.

პატრიარქ ბართლომეს მიერ ლეგალიზებული სქიზმატიკოსების მადლმოსილებასთან მიმართებაში ეჭვი და მისი სრული უარყოფაც კი ჟღერს თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესიის განცხადებაში. აი, რამდენიმე ციტატა მათი ოფიციალური განცხადებებიდან:

„კვიპროსის ეკლესიის და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის ორიათასწლიანი გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, რომ ეჭვი შევიტანოთ იმ ხელდასხმების უკანა თარიღით დაკანონებაში, რომლებიც აკრძალული, განკვეთილი ან ანათემას გადაცემული ეპისკოპოსების მიერ აღსრულდა. აკრძალვა, განკვეთა და ანათემა ცალკეული პირებთან მიმართებაში, რომლებიც უკრაინის კრიზისის ინიციატორები იყვნენ, ყველა მართლმადიდებელმა აღიარა.“ (კვიპროსის ეკლესიის სინოდის 21.02.19-ის კომუნიკედან).

„მსოფლიო საპატრიარქოს ვთხოვთ გაარკვიოს არაკანონიკური იერარქებისა და მღვდლების საკითხი, რომლებიც „კიევის საპატრიარქოს“ ეკუთვნოდნენ“ (რუმინეთის ეკლესიის სინოდის 21.02/19-ის განცხადებიდან).

„პირები, რომლებსაც ეპისკოპოსის და პრესვიტერული წოდება მოუხსნეს, ვერ იქნებიან ლიდერები უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მშვიდობის დამყარებაში. მათი მოქმედება ხდება კიდევ უფრო დიდი არეულობის და ცდუნების მიზეზი“ (პოლონეთის ეკლესიის კრება 15.11.20).​​​​​​​

„მთელი ის დრო, როცა წოდება ქონდა ჩამორთმეული და ანათემას იყო გადაცემული, ბატონი ფილარეტი არაკანონიკურ მსახურებებს აღასრულებდა, რომლებიც არ იყო ნამდვილი საიდუმლოებები. ამიტომ მის მიერ განხორციელებული ხელდასხმებიც ცრუ, ცარიელი, საღმრთო მადლსა და სულიწმინდას მოკლებულია. მათ შორის მისი მდივნის, სერგეი დუმენკოს, ამჟამად მიტროპოლიტ ეპიფანეს ხელდასხმაც დიაკვნად, პრესვიტერად და საბოლოოდ, ეპისკოპოსად. თქვენს 24 დეკემბრის წერილში ნათქვამია: „...მათი იერარქიულ თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ.“ თუმცაღა, ჩვენ ვსვამთ კითხვას: როგორ შეიძინეს ხელდასხმებმა, რომლებიც განკვეთილმა და ანათემას გადაცემულმა ბატონმა ფილარეტმა ძველი თარიღით, კანონიკური ხელდასხმის გარეშე განახორციელა, სულიწმინდის კანონიერება და სამოციქულო მემკვიდრეობის ნამდვილი ბეჭედი?“ (ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ანასტასის 07.03.19-ის წერილი პატრიარქ ბართლომეს).

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ფილარეტ დენისენკოც ზუსტად ასე მსჯელობს, თუმცა, თავისი პოზიციიდან: „კარგია, თუ მსოფლიო პატრიარქმა ანათემა მომხსნა. 2018 წელს მომხსნა. ანუ, 2018 წლამდე ანათემას ვიყავი გადაცემული, არა? თუ ანათემის ქვეშ ვიყავი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ეპისკოპოსი ნამდვილი არ არის. და ეპიფანე მიტროპოლიტი არ არის - მღვდელიც კი არ არის. თუ მსოფლიო პატრიარქმა ანათემა 2018 წელს მომხსნა, მაშინ მთელი ეპისკოპატი არ არის ნამდვილი“ (17.06.2019 წელის ინტერვიუდან, რადიო გადაცემა „პერსონა გრატასთან“ მისცა).

სერგეი დუმენკოს სირაქლემას პოზა

დავუბრუნდეთ მ. ზინკევიჩის ინტერვიუს.

კორ: „ეკლესიის ხელმძღვანელობა ეძებს ამ კითხვებზე პასუხებს? და თქვენ რა მიგაჩნიათ ამ პრობლემების მოგვარების გზად?“

მ. ზინკევიჩი: „ახლა არაფერს ეძებენ, ახლა თავები ქვიშაში აქვთ ჩარგული: ვითომ, ყველაფერი გაივლის, ან ვიღაც მოაგვარებს.“

კორ: „ვის აქვს თავი ქვიშაში?“

მ. ზინკევიჩი: „ყველას.“

კორ: „ანუ მიტროპოლიტ ეპიფანეს - იგივე წინამძღოლსაც?“

მ. ზინკევიჩი: „ყველას...“

* * *

გვეჩვენება, რომ ამ კითხვებს პასუხი თავად პატრიარქმა ბართლომემ უნდა გასცეს. თუ ის იტყვის, რომ კიევის საპატრიარქოს მირონი ნამდვილი არ არის, მაშინ ფილარეტ დენისენკო, ეპიფანე დუმენკო, მიხაილ ზინკევიჩი და სხვაც ყველა - იერარქები კი არა, მადლს მოკლებული თვითმარქვიები არიან და დღემდე ასეა. და თუ ფენერის მეთაური იტყვის, რომ ყველა „საიდუმლო“ და მათ შორის კიევის საპატრიარქოს „ხელდასხმებიც,“ ნამდვილი იყო, მაშინ ის ვალდებულია განმარტოს რატომ უჭერდა მხარს ფილარეტის ანათემის ქვეშ ყოფნას მთელი ეს წლები 2018 წლამდე, რატომ გამოსცემდა დოკუმენტებს, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიების საპატრიარქო, ეკლესია არ არის. 

და დასკვნის სახით, გვინდა მოვიყვანოთ ციტატა მეფე სოლომონის იგავიდან, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს მოცემულ სიტუაციას: „ვინც თავის დამკვიდრებას ტყუილით ცდილობს, ის ქარს მწყემსავს, ის გაფრენილ ჩიტებს მისდევს <...> კრეფს ხელებით უნაყოფობას (იგავი 9:12).“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ